2025-01-22 12:01:38საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" სოციალურ ქსელ Facebook-ზე რუსთაველებს ჰკითხა, რა უნდა გააკეთოს ამ წელს პირველ რიგში მერიამ რუსთავში.
მოსახლეობამ გამოკითხვის ქარდის კომენტარების ველში სხვადასხვა პრობლემა დააფიქსირა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობა იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2025 წლის 23 დეკემბერს "ინფო რუსთავმა" რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს პირდაპირ ეთერში კითხვაც დაუსვა, 2026 წლის რა პერიოდისთვის აპირებენ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაზეც ლაცაბიძემ გვიპასუხა: "[რკინიგზის სადგური] ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. ამ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ, 2000-იანებში რკინიგზის წინ არსებული მოედანი კერძო საკუთრებაშია გასხვისებული და ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ იქ რაიმე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ასევე რკინიგზის სადგური არ არის მუნიციპალური და კიდევ უფრო ინტენსიურად ვაპირებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკება და თანამშრომლობა რკინიგზის დეპარტამენტთან. მართლაც მძიმე მდგომარეობაშია საავტომობილო გზა, იქამდე ვიდრე სისტემურად და ფუნდამენტურად მოვაწყობთ, ფრაგმენტულად მოხდება გზის საფარის მოწესრიგება აუცილებლად".