2026-01-14 18:32:11
რუსთავში, მე-6 მიკრორაიონში ურთიერთშელაპარაკების დროს 40 წლამდე კაცი დაჭრეს. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ორ პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ლევან მჭედლიძემ განუცხადა პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, თუმცა შეინიშნება მინიმალური სტაბილიზაცია.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ამბობს, რომ ფაქტზე დაკავებულია 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ. რუსთავში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.