CO₂-ის ემისიებზე ახალი რეგულაციები წესდება

2025-12-15 11:30:05

სათბურის გაზებზე, მათ შორის CO₂-ის ემისიებზე ახალი რეგულაციები წესდება. 

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სათბურის გაზების, მათ შორის CO₂-ის ემისიებზე ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი კანონში  „გარემოს დაცვის შესახებ“ ცვლილებებს ეხება და ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

დოკუმენტი ეფუძნება ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის  პრინციპებს და უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ცვლილებები სავალდებულო ავტორიზაციასა და წლიურ ანგარიშგებას აწესებს ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, ქიმიური ინდუსტრიის, სამშენებლო მასალების წარმოებისა და ავიაციის სექტორებისთვის.

MRV სისტემის სრული ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. ავტორიზაცია უფასო იქნება, თუმცა კომპანიებს დამატებითი ადმინისტრაციული და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრებათ.

მონიტორინგის აღსრულებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 10 თანამშრომელს აიყვანს. ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტზე დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, მათ შორის ხელფასებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით.

მთავრობის შეფასებით, კანონპროექტი გააძლიერებს საქართველოს კლიმატის პოლიტიკას და დააახლოებს ქვეყნის კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან.