"მხარეს დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა"

2025-12-09 12:11:04

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ელენე გახარიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე მხარეს დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა.

ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებმა", რომელიც ელენე გახარიას ინტერესებს იცავდა.

"2025 წლის 28 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ელენე გახარიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე მხარეს დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა. ელენე გახარია 2 წლის განაცდურს და კომპენსაციას აიღებს.

ელენე გახარია 2019 წლის 8 თებერვლიდან დასაქმებული იყო ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში“ დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედიოდა ცენტრის საქმიანობის გამართული მუშაობის ორგანიზება, დირექტორთან კოორდინაცია, თათბირების დაგეგმვა-ორგანიზება, დირექტორისა და თანამშრომელების მივლინებების და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, წერილობითი დოკუმენტების მომზადება და ვიზირება, ასევე, თანამშრომელების მონიტორინგი. 2021 წელს იგი დასახელებული იქნა საუკეთესო თანამშრომლად.

2022 წლის 29 ნოემბერს ელენე გახარიას აცნობეს, რომ უქმდებოდა მისი საშტატო ერთეული და 2023 წლის 1 იანვრიდან შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. გათავისუფლების მიზეზად მიუთითეს შტატის შემცირება, თუმცა ელენე გახარია აღიქმებოდა როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ელენე გახარიამ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გახარია დასაქმებული იყო 30 თვეზე მეტი ვადით, რის გამოც მისი შრომითი ურთიერთობა მიიჩნეოდა უვადოდ. ამავდროულად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ელენე გახარიას პოზიცია და ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

მოპასუხე მხარეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, რადგან შტატი გაუქმებულია და სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, მოპასუხეს დამატებით დაეკისრა კომპენსაციის გადახდა სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ",- ნათქვამია განცხადებაში.