2025-12-02 17:45:13
რუსთავის მერიასთან 5 დეკემბერს 15:00 საათზე იაღლუჯის ფერდზე მიწის ნაკვეთების მფლობელები კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" აქციის ორგანიზატორმა, მარიამ ქვარცხავამ განუცხადა, აქციის მთავარი მოთხოვა კვლავ შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად იაღლუჯის ფერდზე არსებული 12 000-მდე მიწის აზომვა, შემდეგ კი მისი რეგისტრაციაა.
მარიამმა გვითხრა, რომ პროცესი ერთ ადგილზეა გაყინული და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა ჰქონდათ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ასევე რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან მიწის რეგისტრაციის დასაწყებად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
"მარნეული გვეუბნებოდა, რომ რუსთავს ეკუთვნითო, რუსთავის მერია გვეუბნებოდა მარნეულსო. დავიწყეთ დოკუმენტის ძებნა და ვიპოვეთ ერთადერთი 1999 წლის სახელმწიფო მინისტრი, ლორთქიფანიძის გადაწყვეტილება N6110, რომლის მიხედვითაც 1334 ჰა მიწა გადმოეცა რუსთავის მერია. შემდეგ ვეძებეთ დოკუმენტი, რომელიც ამას აბათილებს და მარნეულთან აბრუნებს, თუმცა ვერ ვიპოვეთ. ასე რომ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით ეს მიწები ეკუთვნის რუსთავის მერიას.
ყველას მივმართეთ პრემიერით დაწყებული, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტი, გუბერნატორთან ვიყავით არაერთხელ, ასევე რუსთავის მერთან. ყველა გვეუბნება, რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ რეალურად არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. დრო გადის, ამ თვის 25 რიცხვში სრულდება სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მოესწროს, თუ აპირებენ, 12 000 ნაკვეთის დარეგისტრირება ამ დროში. ფიზიკურად შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.
ჯერ კიდევ წინა აქციის დღეს, 2 ოქტომბერს დაგვიკავშირდა ნინო ლაცაბიძე და გვითხრა, რომ თუ კიდევ ავირჩევდით დაინტერესდებოდა, ჩვენი საქმით. ნამდვილად მოხდა შეხვედრა, დაგვპირდა მედიაციას, უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, თუმცა, სამწუხაროდ, ამის შემდეგ არანაირი ცვლილება არ ყოფილა. არც უწყებათაშორისი კომისია შექმნილა, ყველაფერი ისევ სტატუს კვო არის, როგორც იყო დასაწყისში.
ვინაიდან იწურება დრო და უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი, რადგან სამწუხაროდ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ჩვენს ინტერესებს დაიცავდა, გადავწყვიტეთ, რომ მოვაწყოთ კიდევ ერთი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან. 5 დეკემბერს 15:00 საათზე შევიკრიბებით იაღლუჯის ნაკვეთების მფლობელები და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს, რომ დაგვიდგეს მთავრობა გვერდში და დაგვეხმარონ იმის დარეგისტრირებაში, რაც კანონით ისედაც ჩვენია",- გვითხრა მარიამ ქვარცხავამ.