რას ამბობს რუსთავის მერი ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემასა და სუნზე

2025-11-27 13:16:59

"მუნიციპალიტეტს ექნება მკაცრი მიდგომები ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენს ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და ჩვენი შვილების მომავალზე მავნე გავლენას ახდენენ",- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე განაცხადა.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა გუნდმა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ზუსტად ვიცით, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ეს გამოწვევა ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე აღარასდროს დადგეს.

შეურიგებლები ვიქნებით ამ საკითხის და ყველა იმ კერძო კომპანიის მიმართ, ვინც გავლენას შეიძლება ახდენდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის დამძიმებაზე. ახლახანს გვქონდა საპარლამენტო მოსმენა კომიტეტზე, სადაც სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელეთ არსებულ მდგომარეობაზე. მთელი სიმწვავით დავაყენეთ საკითხი, რომელიც დღეს თითოეულ რუსთაველს ეხება. მინდა ღიად ვთქვა, რომ გავაგრძელებთ კიდევ უფრო აქტიურ კამპანიას და მუნიციპალიტეტს ექნება მკაცრი მიდგომები ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენს ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და ჩვენი შვილების მომავალზე მავნე გავლენას ახდენენ.

ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მათ შორის მწვანე სივრცეების განვითარებით, ჭალის ტყის ისტორიული პროექტის განხორციელებით, თუმცა ზუსტად ვიციც, რომ ეს არ არის საკმარისი. სუნი და გამონაბოლქვი, მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რომელიც საწარმოო ზონიდან ხდება, ამ პრობლემებს ეს პროექტები ვერ გადაფარავს. ზუსტად გვაქვს დანახული, რის წინაშე დგას ქალაქი და აქტიურად, მთელი გუნდი და მოსახლეობა გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას ",- თქვა ნინო ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, Air.gov.ge-ზე 27 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით რუსთავში ძალიან ცუდი ჰარეია. ქალაქის მაცხოვრებლებს 6 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად უწევთ, რომ ძალიან ცუდი ან ცუდი ჰაერი ისუნთქონ.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე წერს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.