2025-11-20 18:34:29
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა
ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
ბრალდებული ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.