2025-11-20 17:23:51
ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.
ახალგაზრდა ქალი TV პირველთან ჰყვება, რომ ძალადობის შედეგად აღენიშნება დაზიანებები.
"17 ნოემბერს, საღამოს ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდა ჩემი მცირეწლოვანი შვილი და მისი თანდასწრებით ხდებოდა ძალადობა, ასევე იმყოფებოდა ჩემი დედამთილი ეკატერინე კოდუა, რომელმაც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის წაერთვათ შვილი. მაქვს დაზიანებები, სილურჯეები, ზურგის არეში ძლიერი ტკივილები“, - განაცხადა თამარ ბულიამ „ტვ პირველთან“.
ახალგაზრდა ქალის დედამთილი, ეკა კოდუა კი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რძალმა მასაც მიაყენა და დაზიანებები მის შვილსაც აღენიშნება.
დედამთილის თქმით, მომხდარის მიზეზი არის ის, რომ მის რძალს „ცალკე ცხოვრება უნდოდა, სხვა არაფერი ყოფილა და ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ასეთი რაღაცები“.