საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება და ყველა მათგანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები, რომლის შედეგადაც მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 დასრულდება.
„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
აღსანიშნავია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პირადად მივაწვდი ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, ადმინისტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპლექსური და რთული არჩევნებია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა არაერთი მასშტაბური საქმიანობა.
სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. ამისათვის - გაწეული საქმიანობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა ჩართულ მხარეს, დაწყებული საჯარო უწყებებით, დასრულებული სხვადასხვა სუბიექტებით (პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.
არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საარჩევნო უბნების, აქტივობებისა თუ სხვა საქმიანობებისა და სტატისტიკის შესახებ, განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ასევე, მიეწოდებათ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გავრცელების მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს