შსს-მ 3 პირი დააკავა [video]

2025-09-25 11:34:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3  პირი  - 1957 წელს დაბადებული გ.ბ., 1980 წელს დაბადებული რ.ა. და უკრაინის მოქალაქე 1970 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი "მცენარე კანაფის" უკანონო დათესვა-მოყვანა.

დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „კოკაინი“, 479 აბი „მეთადონი“, 283 შეკვრა „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ:  წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორები. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.