თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის მართვისთვის ჯარიმა იზრდება

2025-07-01 13:47:36

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.

ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება.

უფრო კონკრეტულად, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას.

დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ცვლილებების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.

იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.