ისრაელის არმიამ დღეს, 18 ივნისს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ირანში დაბომბეს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ობიექტი და თეირანში მდებარე ცენტრიფუგების ქარხანა.
ცენტრუფუგა ურანის გამამდიდრებელი დანადგარია, რომელიც გამოიყენება როგორც ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებისთვის, ისე ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
ისრაელის არმიის თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობდა სამხედრო-საჰაერო ძალების 50-ზე მეტი გამანადგურებელი.
ირანის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ დაბომბა თეირანთან მდებარე რაკეტების ქარხანა და სამხედრო უნივერსიტეტის შენობაც. საჯარო წაყროების თანახმად, ამ სასწავლებელში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მომავალ წევრებს ამზადებენ.
ირანზე მორიგი დარტყმის წინ ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა გაფრთხილება თეირანის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ.
გასულ ღამით სარაკეტო შეტევა იყო ისრაელზეც. წინასწარი მონაცემებით, ირანმა სულ მცირე 15 რაკეტა გამოიყენა. ისრაელის მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ცენტრალურ რაიონებში.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.