ვინ და რას აშენებს იაღლუჯის ფერდობზე? - დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა არაერთ რუსთაველს გასჩენია, რომელსაც იაღლუჯის მთის ფერდობზე მიმდინარე სამშენებლო პროცესი დაუნახავს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებათ ვინ, რას აშენებს ფერდობზე და არის თუ არა უსაფრთხო იქ სამშენებლო პროცესები.
იალღუჯის მთა და ფერდობი გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს ეკუთნის.
ფერდობზე არაერთი ფიზიკური პირი თუ შპს ფლობს მიწის ნაკვეთებს.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე რამდენი ასეული კერძო საცხოვრებელი სახლი შენდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს მომზადებული ბიულეტენის მიხედვით, ტერიტორიიდან, სადაც ახლა აქტიური სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს, რამდენიმე ათეულ მეტრში მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება იყო მოსალოდნელი.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა იაღლუჯის ფერდობზე სამშენებლო პროცესების მიმდინარეობა და რა ტიპის სამშენებლო ნებართვებია გაცემული.
ამ კითხვებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს მივმართეთ.
გარდაბნიდან დაბრუნებულ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცემულია ნებართვები საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის (1 კლასის-60.0 კვ.მ-მდე და მეორე კლასის).
კითხვაზე, წარმოდგენილი არის თუ არა თქვენთვის გეოლოგიური დასკვნები და არის თუ არა ამ დასკვნების მიხედვით უსაფრთხო ფერდზე სამშენებლო პროცესების წარმოება, მუნიციპალიტეტში ზოგადი პასუხი დაგვიბრუნეს.
"აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვები საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის (1 კლასის-60.0 კვ.მ-მდე და მეორე კლასის), საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების და ექსპერტიზის საფუძველზე",- ნათქვამია წერილში
გაგზავნილ წერილში გარდაბნის მუნიციპალიტეტს ვკითხეთ, რამდენი სამშენებლო ნებართვა ჰქონდათ გაცემული, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.