"მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ იხდის მგზავრობის გადასახადს"

2025-03-17 14:07:57

რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის დროს მგზავრობის საფასურს არ იხდის.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი უბილეთოდ მგზავრობს როგორც შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით, ასევე რუსთავი-თბილისის ავტობუსებითაც.

ლაცაბიძის თქმით, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ავტობუსით მგზავრობის დაწესებული საფასური გადაიხადონ გაამკაცრებენ კონტროლს.

"უნდა აღვნიშნო ერთი დიდი პრობლემა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ იხდის მგზავრობის გადასახადს. ჩვეულებრივი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტების გარკვეული ნაწილი, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან თბილისში. ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობის, როგორც შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ასევე თბილისი-რუსთავის მიმართულებით არ იხდის იმ ელემენტარულ გადასახადს, რომელიც გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ რუსთავის შიდა ტრანსპორტით 60 000 რუსთაველი სარგებლობ შეღავათით. არის უფასო, 10 თეთრიანი და 20 თეთრიანი გადასახადი, 50 თეთრიც, რომელიც შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურია, ესეც კი არის როტაციული და არ შეესაბამება იმ თანხას, რა ხარჯიც გვიჯდება ავტობუსების მომსახურება.

ვფიქრობ, რაღაცებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რომ სამარცხვინოა 10, 20 თეთრს არ იხდიდეს ადამიანი, რომელსაც ემსახურება ევროპული, თანამედროვე ავტობუსი, კონტროლიორით, მძღოლით. მძღოლები  დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე ემსახურებიან ადამიანებს და ძალიან რთულია ჩვენთვის მუშაობა იმ დროს, როდესაც ადამიანებს არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ის 10 თეთრი მაინც გადაიხადონ, რათა შევძლოთ, რომ მძღოლებს ხელფასი გადავუხადოთ და გავაგრძელოთ ის მომსახურება, რასაც ვაკეთებთ. ხომ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული ქალაქი, ევროპული ტრანსპორტი, მოვაწესრიგეთ, გვაქვს ევროპული ტრანსპორტი და სამწუხაროდ ისევ გრძელდება ვანდალიზმი, ის რომ ძალიან დიდი ნაწილი, ამას ხაზს ვუსვამ და ამის სტატისტიკა აუცილებლად გვექნება, არ იხდის ტრანსპორტის ელემენტარულ გადასახადს, ნამდვილად 10, 20 და თუნდაც 50 თეთრი ღირს იმად, რომ ადამიანი გემსახურება დილის 6 საათიდან 12 საათამდე.

გავამკაცრებთ მიდგომას, ჯარიმებს და შევეცდებით, რომ ის ჯგუფი, რომელიც დღეს არ იხდის ავტობუსში გადასახადს, ვაიძულოთ, რომ გადაიხადოს ის ელემენტარული, რაც არის დადგენილი. ასევე არის თბილისი-რუსთავის მიმართულებითაც და აქაც გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები. სხვანაირად ვერც ქალაქს ვერ ავაშენებთ და ვერც შევინახავთ, რასაც მივაღწიეთ",- განაცხადა ლაცაბიძე.

ცნობისთვის 2024 წელს რუსთავში უბილეთო მგზავრობისთვის, როგორც შიდა, ასევე რუსთავი-თბილისის ავტობუსებში 1320 მგზავრი დააჯარიმეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები