რაზე შეთანხმდნენ რუსთავის აზოტში დასაქმებულები ადმინისტრაციასთან

2025-03-05 12:17:39

"რუსთავის აზოტი ინდორმას" საწარმოში დასაქმებულებმა გაფიცვა დაასრულეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა.

მისი თქმით, მშრომელების დიდ ნაწილსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

დასაქმებულებს ამ ეტაპზე ხელფასი 225 ლარით მოემატება. ამ თანხას დააკლდება საშემოსავლოც.

"გაფიცვა დავასრულეთ, რადგან დასაქმებულების უმრავლესობა დათანხმდა ადმინისტრაციის ბოლო შემოთავაზებას და აღარ იყო გაფიცვის მოწყობის აუცილებლობა. ბოლო ინფორმაციით ნამატი 225 ლარია, ამას აკლდება საშემოსავლო. ზეპირ სიტყვიერად შეთანხმება ამაზე არის. ბოლო შემოთავაზება ეს იყო, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არ ჰქონდა საშუალება რომ 225 ლარზე მეტი დაემატებინა ხელფასზე, თუმცა შემდგომი განხილვის საგნად დატოვეს ეს თემა. როგორც ასეთი, რომ ბოლო მომატება იქნებაო, ასეთი რამ არ დაუფიქსირებია დამქირავებელს. წარმოება გაეშვა ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მუშაობს ყველა ძირითადი საამქრო",- გვითხრა დასაქმებულმა.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საწარმო "რუსთავის აზოტს", მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები