ქუჩების სახელები ხშირად ამ ქალაქის ისტორიას გვიყვებიან.
ურბანისტები თვლიან, რომ ქალაქის დაგეგმარებისას, ქუჩის დასახელების შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რუსთავში ქუჩების სახელდებებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" პლატფორმაზე სოციალური ქსელის მომხმარებლებს აზრი არაერთხელ გამოუხატავთ, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და გაგვერკვია, კონკრეტულად რომელი ქუჩის სახელი შეიძლება არ მოსწონდეთ მოქალაქეებს და სურდეთ მისთვის სახელის შეცვლა.
გამოკითხვაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გაჟღერდა 15-მდე ქუჩის სახელი, თუმცა ძირითადად, რაზეც აღნიშნული გამოკითხვის ქვეშ, კომენტარების ველში მოქალაქეები შეთანხმდნენ, არის ის, რომ ქალქის ქუჩებს უნდა შეეცვალოს რუსული შინაარსის მატარებელი დასახელებები და გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების სახელებით ჩანაცვლდეს.
"რა თქმა უნდა. რუსული გვარის დასახელებით ქუჩები კარგა ხანია შეცვლილი უნდა იყოს. ქართველებს საკმარისად გვყავს ღირსეული მამულიშვილები, რომ მათი გვარებით იხსენებოდეს ქუჩები", - წერს მოქალქე.
ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლის უფლებამოსილება რუსთავის საკრებულოს აქვს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის დამტკიცების შესახებ არსებულ წესში ვკითხულობთ, რომ შეცვლას ექვემდებარება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები, ამის ინიცირება კი შესაბამისი დასაბუთებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს.
"გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. სახელწოდება ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის შესახებ განკარგულებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფს.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი):
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა–ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ.)", - ნათქვამია წესის დოკუმენტში.