"გააჩერებინა ავტობუსი და ჩამოაგდო მე-5 კლასელი"

2025-01-28 13:08:26

"ასაკიანმა ქალმა სადღაც უცხო გზაზე გააჩერებინა ავტობუსი და ჩამოაგდო მე-5 კლასელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თეა მამედოვამ განუცხადა, რომლის თქმითაც, მისი 11 წლის შვილი რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსიდან უბილეთოდ მგზავრობის გამო ჩამოსვეს.

მამედოვას თქმით, მისი შვილი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც სიჩქარეში სამგზავრო ბარათი სახლში დარჩა. N4 ავტობუსში ასულ ბავშვს კონტროლიორმა კითხა, ჰქონდა თუ არა 11 წლის გოგონას სამგზავრო ბარათი, რაზეც პასუხი მიიღო, რომ სახლში დარჩა და ბილეთის აღებას ვერ მოახერხებდა.

დედის თქმით, კონტროლიორმა ავტობუსი გააჩერებინა და მისი არასრულწლოვანი შვილი ტრანსპორტიდან ჩამოსვა. რაც ბავშვმა ძალიან განიცადა და ემიგრაციაში მყოფ დედას შეატყობინა.

"მეხუთე კლასელი ბავშვი ავტობუსში ავიდა და სამწუხაროდ, სიჩქარეში ბარათი დარჩა სახლში, კონტროლიორმა ჰკითხა ბარათი ჰქონდა თუ არა, ბავშვმა უპასუხა, რომ არ ჰქონდა, ტყუილი არ უთქვამს.

ისიც კი არ ჰკითხა კონტროლიორმა ქეშად ჰქონდა თუ არა თანხა, რომ ბილეთის აღება შესძლებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკიანმა ქალმა სადღაც უცხო გზაზე გააჩერებინა ავტობუსი და ჩამოაგდო მე-5 კლასელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს როგორ შეიძლება, ბავშვს რომ გზა ვერ გაეგნო, უამრავი რაღაცა ხდება. არ შეიძლება ასე, არასრულწლოვანი ბავშვი სადღაც დააგდო და მუშაობა გააგრძელო, რადგან ზედამხედველობა ასე გავალებს. რომ ყოფილიყო ზრდასრული კაცი ან ქალი მესმის, რომ ასეთი წესი აქვთ, მაგრამ არასრულწლოვან  ბავშვზეა საუბარი.

ჯარიმა არ გამოუწერია, რადგან არასრულწლოვანია და პირადობა არ აქვს.

ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ შეეპასუხებოდა და ჩამოვიდოდა ავტობუსიდან",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თეა მამედოვამ.

დედის თქმით, ბავშვი სკოლაში მიდიოდა და ავტობუსიდან ჩამოსმის შემდეგ წასვლა ვეღარ მოახერხა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ფაქტის მოკვლევის მიზნით ავტობუსებში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღეს, შეისწავლეს და მსგავსი ფაქტი არ დასტურდება.

"აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ავტობუსის კამერებიდან ამოღებული მასალის გადამოწმების შედეგად, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა",- აცხადებენ ავტოსატრანსპორტო საწარმოში.