რუსთავში ვირუსების შემთხვევებმა იმატა

2025-01-21 11:28:29

რუსთავში ვირუსების შემთხვევებმა იმატა, მათ შორის განსაკუთრებით გრიპის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს, ბოლო კვირაში მომატებულია პაციენტთა მიმართვიანობა.

სიმპტომები, კი რომლითაც კლინიკებს მიმართავენ ძირითადად არის მაღალი ტემპერატურა, ხველა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებითაც, დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი.

"დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი. მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე მძიმეა გრიპი.

გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველ კვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას.

გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო A ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება.

რაც შეეხება კლინიკურ სექტორს, როდესაც საუბარია გრიპის შემთხვევების მატებაზე, მხედველობაში გვაქვს შემთხვევები, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ტიპის ვირუსები. ცხადია, უფრო მეტად გაზრდილია სტაციონარული მიმართვა. თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს. ასევე გაზრდილია იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვების ანთება აქვს. ასეა იაშვილის კლინიკაში, პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შეგვიძლია არამარტო პრევენცია, არამედ სპეციფიკური ანტივირუსული საშუალების „ოზელტამივირის“ გამოყენება, რომლის პრაქტიკაც 15 წელია გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება მალე იყოს დაწყებული იმ პაციენტებში, სადაც დაავადების გართულების ალბათობა მაღალია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მაღალი რისკის ჯგუფებმა სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ, ამასთან იმყოფებოდნენ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობაა მიზანშეწონილი.

„მაღალი ტემპერატურის, სახსრების ტკივილის დროს სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებაზე ვიყოთ ორიენტირებული. მაქსიმალური აქცენტი უნდა იყოს სითხის დამატებით მიღებაზე, უმჯობესია თბილი სითხეები. კატეგორიულად მიუღებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, მას მხოლოდ შეუძლია სხვადასხვა გართულების გამოწვევა უამრავი გვერდითი მოვლენის გამო. გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 0-ის ტოლია“,- განუცხადა ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუს"