ბაზრის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს

2018-01-16 16:36:14

„სტამბულის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილის, სამსონ ქუთათელაძის, მკვლელობასთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს დაკითხვა. ქვემო ქართლის პოლიციიის მთავარ სამმართველოში დღის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ბაზრის ათეულობით თანამშრომლი. პოლიციის შენობაში დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ბაზრის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა. დაკითხულთა შორის არიან ის თანამშრომლებიც, რომლებმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ნახეს. როგორც დაკითხულები აცხადებენ, სამართალდამცავებს მათგან მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაგება სურდათ. „სტამბოლის“ მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მათ არც გასროლის ხმა გაუგონიათ და არც კაბინეტიდან გამოსული დაუნახავთ ვინმე.  

აღსანიშნავია, რომ„სტამბულის ბაზართან“ კამერა დამონტაჟებულია, თუმცა ის მწყობრიდანაა გამოსული და არ მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,   "გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს." ამ მომენტისათვის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე რუსთავის „სტამბულის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილე იყო. ის გუშინ, 15 იანვარს, დაახლოებით 17 საათზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს.