დღეს, 14 დეკემბერს, პარლამეტის შენობაში, 5 წლის ვადით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.
პრეზიდენტი ისტორიაში პირველად, არაპირდაპირი წესით, 300-წევრიანი კოლეგიის მიერ იქნა არჩეული, აქედან 211 წევრი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო. ოპოზიციურ პარტიებს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საარჩევნო კოლეგიის წევრები იყვნენ რუსთაველებიც. არჩევნებში მონაწილეობა ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლაშა ჩოფლიანმა და მისმა მოადგილემ, ერეკლე ლაცაბიძემ მიიღეს. ასევე, კოლეგიაში შედიოდნენ რუსთაველი დეპუტატები, ალექსანდრე დალაქიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, შედეგების დათვლისას მოვისმინეთ, კოლეგიაში შემავალმა ოთხივე რუსთაველმა ხმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას მისცა.
აღსანიშნავია, რომ ყაველაშვილი აღნიშნულ კენჭისყრაში პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ჯამში, მას 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი - ადა მარშანიას ბიულეტენი.
არჩევნების პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.