რუსთავის 24-ე სკოლის მოსწავლეების პროტესტი

2024-12-02 18:54:57

რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასებში დაფებზე მოსწავლეებმა საპროტესტო წარწერები გააკეთეს.

სკოლის რამდენიმე მოსწავლე "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დირექცია მათ გაჩუმებას ცდილობს.

მათ შორისაა სესილი გოგაბერიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათ თავიანთი პროტესტის გამოხატვა სურდათ, თუმცა დირექციამ ამის საშუალება არ მისცათ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგვეკეთებინა. დაფაზე გადავწყვიტეთ დაგვეწერა "არა რუსულ ხელისუფლებას", "ქოცობა ტეხავს", "გიმნაზიაც აჯანყდა". ჩვენი აზრი და პროტესტი გამოვხატეთ, კლასებში ჩამოიარეს, დაფაზე რაც გვეწერა წაგვაშლევინეს. რამდენიმე ბავშვი დაიბარეს, დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს, უთხრეს სკოლა იყო აპოლიტიკური ადგილი და ჩვენ არ გვქონდა აზრის დაფიქსირების უფლება. ერთადერთი რისთვისაც ყურადღება უნდა მიგვექცია სწავლაზე უნდა ვკონცენტრირებულიყავით და მხოლოდ ჩვენს მშობლებს ჰქონდათ ამ საქმეში ჩარეულიყვნენ. ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ გამოგვეთქვა ჩვენი პოზიცია, რადგან არ ვიყავით კარგად გარკვეულები ასაკის გამო",- განგვიცხადა სესილიმ.


 

 

24-ე საჯარო სკოლამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდად.

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის  N 24 ქართული გიმნაზია  მუდმივად დგას სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე და დაიცავს  უმთავრესს, განათლების უფლებას. ჩვენი სკოლა ყოველთვის იზიარებდა ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. თითოეული მოსწავლის ფუნდამენტური უფლების, განათლების მიღების მიზნით სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ, უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში.
✅️ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!!!"