ქოლგების ქუჩა ქოლგების გარეშე

2018-01-12 19:15:27

მშენებელთა ქუჩაზე „ქოლგების ქუჩა“ უკვე რამდენიმე თვეა ქოლგების გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული ტერიტორია გასული წლის სექტემბერში 140 ახალი ქოლგით მოირთო, თუმცა დღეს ქოლგები ჩამოხსნილია. „ინფო რუსთავთან“ საუბრისას „რუსთავის ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხატია ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ - "ქოლგების დიდი ნაწილი უამინდობის გამო დაზიანებული იყო. სწორედ ამის გამო ჩამოვხსენით. შევთანხმდით რომ მათი უკან დაბრუნება და რეაბილიტაცია უკვე გაზაფხულზე მოხდეს. ასე დავგეგმეთ თუმცა მოგეხსენებათ რომ ოპტიმიზაციის გამო რამდენიმე აიპი ერთიანდება და შესაბამისად ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უკვე ახალი ხელმძღვანელი მიიღებს". ცენტრში ვარაუდობენ რომ ქოლგების განთავსება უფრო მყარ და საიმედო კონსტრუქციებზე მოხდება.

რუსთავში მშენებელთა ქუჩა ქოლგებით 2016 წლის მარტში მოირთო და მას ქოლგების ქუჩა დაარქვეს, მოგვიანებით, დაახლოებით 2 თვეში მოხდა ქოლგების რეაბილიტაცია. არასაიმედო კონსტრუქციის და დაუდევარი მოქალაქეების გამო დაზიანდა ათეულობით ქოლგა. ქოლგები კიდევ რამდენჯერმე რეაბილიტირდა, ბოლოს კი ქოლგების ქუჩა საზეიმოდ უკვე მესამედ 2017 წლის სექტემბერში გახსნეს.