"წელსაც ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული იქნება რუსთავისთვის ახალი წელი"

2024-11-12 11:42:36

"წელსაც ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული იქნება რუსთავისთვის ახალი წელი",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.

კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა წელს საახალწლო განათებების ისეთ ქუჩებზე დამონტაჟებას, რომლებზეც აქამდე არასდროს ყოფილა, ლაცაბიძემ გვიპასუხა, რომ მერიის გუნდი გააკეთებს მაქსიმუმს არსებული რესურსით.

"რუსთაველებმა იციან, რომ ჩვენ ახალ წელს განსაკუთრებით ვითვალისწინებთ მათ თხოვნას, იმ არსებული რესურსებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ქალაქში. ორნაირია მოსახლეობის დამოკიდებულება. ძალიან მოვინდომებთ და ფულს დავხარჯავთ, იტყვიან ამდენი პრობლემა და გამოწვევაა, რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას. არ გავაკეთებთ და ზუსტად ვიცი, იტყვიან, რომ ჩვენც გვინდა ახალი წლის სხვანაირად შეგრძნება. აქედან გამომდინარე მერია ყოველთვის ცდილობს დაიცვას ბალანსი, გააკეთოს მაქსიმუმი არსებული რესურსით, რაც არის გონივრული და ლოგიკური და შევქმნათ განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შევქმნათ ქალაქში. წელსაც ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული იქნება რუსთავისთვის ახალი წელი, მერიის გუნდი მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ განწყობა, როგორც განათებებითა და კონცერტით, რუსთაველებს ჰქონდეთ ამაღლებული, საახალწლო და მათ შეძლონ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ამ ქალაქში განსაკუთრებული საახალწლო ემოციით დატვირთონ. დამიჯერეთ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ქალაქში უკვე დაწყებულია, ასევე ახალი განათებების შესაძენად ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" რამდენიმე ტენდერიც გამოაცხადა.