რუსთავში კაცს გული ორჯერ გაუჩერდა და სასწრაფოს ექიმებმა ორჯერვე აუმუშავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"ქ. რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამთენიისას გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში მიიღო.
ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხანშიშესული მამაკაცი ციანოზურ მდგომარეობაში დახვდა.
პაციენტს უჭირდა სუნთქვა. პარამედიკოს დავით ოთარაშვილის გადმოცემით პაციენტს ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა.
ელექტრო კარდიოგრამის გადაღების პროცესში მოულოდნელად გულის გაჩერება განვითარდა.
ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსი და სუნთქვა აღდგა.
სამედიცინო პერსონალმა უსწრაფესად დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირების პროცესი. კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული გულის არაპირდაპირი მასაჟით რითმი ისევ აღდგა.
კლინიკაში შეყვანისას მესამედ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით რუსთავის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.