"მოვაჭერით კუთხე, დავაწერეთ გაფუჭებულია და გაუქმდა ეს ორი ბიულეტინი"

2024-10-26 11:26:44

რუსთავში 1-ელ, მე-18 და მე-19 საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს 2-2 ბიულეტინი გადასცა.

როგორც აღნიშნული უბნების კომისიის თავმჯდომარეებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რეგისტრატორებს ამომრჩევლისთვის ბიულეტინის გადაცემის დროს ერთით ზედმეტი გადაჰყვათ.

ბიულეტინის აპარატში შეგდების დროს აპარატმა არ მიიღო ბიულეტინები, რის გამოც მოხდა მათი გაფუჭება და გაუქმება.

"მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ორი ბიულეტინი გაატანა ამომრჩეველს, როდესაც ამომრჩეველი მივიდა პიკოსის აპარატთან აპარატმა არ მიიღო ორი ბიულეტინი, ყველას თვალწინ გავაფუჭეთ ეს ბიულეტინი, მოვაჭერით კუთხე, დავაწერეთ გაფუჭებულია და გაუქმდა ეს ორი ბიულეტინი, ამომრჩეველს მიეცა ახალი ბიულეტინი",- განგვიცხადა პირველი უბნის კომისიის თავმჯდომარემ ნინო გავაშელმა.

იგივეს აცხადებს მე-18 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. მისი თქმით, მოხდა ბიულეტინების გაფუჭება, გაუქმება და შესაბამისი წესით შენახვა. ამომრჩეველს კი ახალი ბიულეტინი მისცეს.