რუსთავში ჩამოსული სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებები რუსთავზე

2024-10-16 18:58:08

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში სხვადასხვა პარტიის/კოალიციის ამომრჩეველთა შეხვედრები გაიმართა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ, ამ დროისთვის რუსთავში ჩამოსული სხვადასხვა პარტიის ლიდერის მიერ რუსთავზე გაკეთებულ განცხადებებს.

პირველ ოქტომბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კოალიცია "ცვლილებისთვის" პირველი პარტიული ყრილობა გაიმართა.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" 3 პარტიას, "ახალს", "გირჩს", "დროას", აერთიანებს

ყრილობაზე მისულ მხარდამჭერებს პირველმა ნიკა გვარამიამ მიმართა. გვარამიამ გამოსვლა რუსთავზე საუბრით დაიწყო.

"ჩვენი კოალიცია მთავარ სათქმელს გეტყვით აქედან, რუსთავიდან და ეს არ არის შემთხვევითი.  ქალაქი რუსთავი ავირჩიეთ შეგნებულად, ეს ქალაქი არის საქართველოს ყველაზე უფრო სწორად და ზუსტად ამსახველი სიმბოლო. ქალაქი უზარმაზარი პოტენციალით, მაგრამ გაჩერებული. ქალაქი სიმდიდრისა და კეთილდღეობის უზარმაზარი შესაძლებლობებით, რაც ხელმიუწვდომელია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. შესანიშნავი, წარმოუდგენელი, განუმეორებელი ახალგაზრდები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან ევროპის ქვეყნების მათ თანატოლებს, მაგრამ არანაირი პირობა მათთვის შექმნილი არ არის ამ ქალაქში და ამიტომ ტოვებენ  ქალაქს. ან სხვაგან მიდიან, ან ქვეყნიდან გადიან. ქალაქი შრომისმოყვარე ქალებითა და კაცებით, რომლებიც ვერაფერს აღწევენ თავის ქალაქში და მიდიან ქვეყნიდან ემიგრაციაში და იქიდან ცდილობენ არჩინონ თავისი ოჯახი. მათზე არავინ არ ზრუნავს. მათ არავინ ასაქმებს, არავინ არ ესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს მათი ოჯახის მომავალი. რა კეთდება იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ ამ ქვეყანაში. დიახ ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს საკუთარ სამშობლოში, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანაში მისი ბედნიერება მაინც არ არის, სადაც მისი ფესვებია",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


29 სექტემბერს რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა კოალიცია "ძლიერმა საქართველომ".

კოალიციაში შედიან: "ლელო“, "მოქალაქეები", "ანა დოლიძე-ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედანი".

რუსთავში ჩამოსულმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქალაქს აქვს უზარმაზარი პოტენციალი იყოს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოების შექმნის ცენტრი.

"მე, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ამ ქალაქის დამსახურება. ჩემი მშობლები, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ და დაამთავრეს  უმაღლესი სასწავლებლები, ორივე გაანაწილეს ქალაქ რუსთავში. დედაჩემი ექიმი მუშაობდა პოლიკლინიკაში და მამაჩემი, ინჟინერი მუშაობდა მეტალურგიის ქარხანაში, მარტელის ღუმელის საამქროში. სწორედ აქ ჩაეყარა მათ სიყვარულს საფუძველი და ამ სიყვარული შედეგი ვარ მე. ამიტომ ეს ქალაქი განსაკუთრებით მიყვარს. ეს ქალაქი არის ინჟინერიის, მეტალურგიის, ქიმიის ხალხური სიმღერისა და ცეკვის, თეატრის, ულამაზესი არქიტექტურის ქალაქი. ეს ქალაქი არის ის ქალაქი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შეასრულა ქვაკუთხედის როლი. ეს იყო გზაჯვარედინის ქალაქი, რომელმაც საქართველოში მრეწველობას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ინჟინერიისა და დიდი ცოდნის ქალაქი. მაგრამ დღეს, ისევე როგორც ყველა ქალაქი, ქართულ ოცნებას მიტოვებული აქვს. მიტოვებული აქვს, იმიტომ რომ, იმ დაპირებებით, რომელმაც ჩვენ ყველას თავი მოგვაბეზრა ბოლო 12 წლის განმავლობაში, იმ ტყუილებით 100 ქარხანა, მე აქ ახალ ქარხნებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ.

უფასო ფული, თან გრძელვადიანი, მსგავსი რამ არ მინახავს. მილიარდიანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, სამწუხაროდ ყველა გადასული ვართ იმპორტირებული პამიდორისა და ხახვის მირთმევაზე. ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ ისტორიას, თუ ესე გაგრძელდა, ასე არ გაგრძელდება გარანტიას გაძლევთ, უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იქნება იქ სადაც ეკუთვნის ყოფნა, იქ სადაც რუსთავსა და რუსთაველებს ეკუთვნის ყოფნა, იქ სადაც ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს. იქ სადაც ჩვენი შვილები უნდა იღებდნენ მაღალი ხარისხის ცოდნას. სად არის დაპირებული მიწისზედა მეტრო, რომელიც რუსთავს დააკავშირებდა თბილისთან. სად არის მაგისტრალი, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაუმთავრებელია. ჩვენი ახალგაზრდები რუსთავიდან, მე ძალიან ბევრთან მაქვს შეხვედრა, რამდენ დროს ხარჯავენ, რომ თბილისში ჩავიდნენ იქ სამუშაო შეასრულონ და მერე უკან დაბრუნდნენ. ამავე დროს, ისევე როგორც მთელს საქართველოში რუსთავიდან არის დიდი მიგრაცია. არ არსებობს ოჯახი, ვისაც ოჯახის წევრი, ნათესავი უცხოეთში არ ჰყავდეს..

არაფერი არ იქმნება იმ ქალაქში, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი იყოს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოების შექმნის ცენტრი",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


10 ოქტომბერს რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში ამომრჩეველს შეხვდა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.

გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა პირველ რიგში, ამ ქალაქის თბილისთან მჭიდრო დაკავშირება მოხდეს.

"თბილისისა და რუსთავის განვითარების გეგმა უნდა გაკეთდეს ერთობლივად. ამ ორ ქალაქს ერთობლივად აქვს შესაძლებლობა, რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის დიდი აგლომერაცია შეიქმნას, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური მიზიდულობის ძალა ექნება. ამისთვის არის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემა გადასალახი, პირველ რიგში, თბილისი და რუსთავი არის ერთმანეთთან უმჭიდროესად დასაკავშირებელი ტრანსპორტის საშუალებით. ეს იქნება მიწისზედა მეტრო, მეტრი, საგზაო ინფრასტრუქტურა...

მოგეხსენებათ, რუსთავი არის ინდუსტრიული ქალაქი, აქ არის ბევრი სამუშაო ადგილი და  მაღალი კვალიფიკაციის, ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, დასაქმდეს როგორც აქ, ასევე თბილისში. ასე რომ, მთავარია, რუსთავი და თბილისი ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდეს. ამის შემდგომ, გადადინების ეფექტი ბევრ პრობლემას მოაგვარებს და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ის ფუნქცია, რომელიც რუსთავმა შეიძლება აიღოს ამ დიდ აგლომერაციაში.

ამასთან, ყველასთვის გასაგებია, რომ რუსთავსა და თბილისს შორის ძალიან დიდი ტერიტორიებია აუთვისებელი, რომელსაც შეიძლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ადმინისტრაციული დატვირთვაც ჰქონდეს. მე მაგალითად, დიდი სიამოვნებით განვიხილავდი საკითხს, ადმინისტრაციული შენობების თბილისიდან ამ ტერიტორიაზე გადმოტანის", - განაცხადა გახარიამ.


19 ოქტომბერს კოსტავას გამზირზე ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებმა.

პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მოხარულია 2012 წელს გაცემული დაპირებების შესრულებით და დაამატა, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.

"2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. რუსთაველები იმაშიც დაგვემოწმებიან, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას საბოტაჟსა და ხალხის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს. დღეს ქალაქს ჰყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი მერი. გასაოცარი ახალგაზრდა ქალი, ნინო ლაცაბიძე, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსთავისა და რუსთაველების ინტერესებზე ზრუნავს. ამის საპირწონედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. მეტიც ისინი მუდმივ საბოტაჟს უწყობენ რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებას აფერხებენ. ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში შეუძლებელი რომ მოხდეს და კოლექტიური ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები