რუსთავში ახალი, უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება

2024-10-11 18:56:47

რუსთავში ახალი, უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთაველმა პარლამენტარმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ასევე დაგეგმილია 3-4 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკური ბაზის მშენებლობაც.

"ჩვენ აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ფეხბურთი რუსთავში.

ფეხბურთის დაბრუნება რას გულისხმობს? პირველ რიგში, გვჭირდება ინფრასტრუქტურა და ეს არის სტადიონის რეაბილიტაცია. სპეციალისტები ჩართულები არიან უკვე, ფედერაციასთანაც აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქალაქმა მიიღოს ისეთი სტადიონი, რომელიც დააკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს.

ნაგებობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რეკომენდაციებს ვიღებთ, რომ არის დასანგრევი და ახალი სტადიონია ასაშენებელი. თავიდან ვიფიქრეთ, რომ არსებულის რეაბილიტაციას მარტივად მოვახდენდით, მაგრამ ის სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, უფრო მდგრადად არის განსავითარებელი ეს საკითხი.

როდესაც იმ სტადიონის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე გადავალთ, სადაც ახლა ბავშვები ვარჯიშობენ, ბუნებრივია, მათ სხვა სივრცე უნდა მივცეთ. უკვე მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ 21-ე მიკრორაიონში განხორციელდეს 3-4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი და აშენდეს ტექნიკური ბაზა. განთავსდება სანაკრებო ბაზის გვერდით და განკუთვნილი იქნება რუსთაველი ბავშვებისთვის და რუსთავის კლუბისთვის", - აცხადებს დალაქიშვილი.