მგზავრები შველას ითხოვენ

2018-01-03 15:52:37

ქუთაისი-ლარნაკას რესიზე კომპანია Wizz Air-ის მგზავრები კვიპროსში ჩარჩნენ. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით,  საქართველოს 9 მოქალქიდან, რომლებმაც ქუთაისში გამოფრენა ვერ შეძლეს, 2 რუსთაველია.

„გუშინ საშინელი ღამე გავატარეთ. სასტუმრო ვიქირავეთ აეროპორტთან, მაგრამ არც გათბობა ჰქონდათ, არც ცხელი წყალი, გავიყინეთ. დღეს აეროპორტში ვაპირებთ ღამის გათენებას იმიტომ რომ ფრენები დღევანდელი რიცხვით 9 კაცზე ვერ ვიშოვეთ“,- აღნიშნავს ერთ-ერთი რუსთაველი მგზავრი. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებს კომპანია და ლარნაკაში ჩარჩენილი მგზავრები. საქართველოს მოქალაქეები  ამბობენ, რომ, ისინი დროულად მივიდნენ გასასვლელთან, თუმცა ავიაკომპანია Wizz Air-ი აცხადებს, რომ მგზავრები დროულად არ გამოცხადდნენ ჩასხდომის გასასვლელთან.

ამ ეტაპზე აეროპორტში  საქართველოს მოქალაქეებს ხვდება  საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი კვიპროსში, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დეტალებს შეისწავლის და ცდილობს გაარკვიოს რის გამო ვერ მოხვდნენ ბორტზე მგზავრები.

მგზავრები 2 დღეა, აეროპორტში იმყოფებიან და საქართველოში გამომგზავრებას ელოდებიან. კომპანიის ცნობით, რეისი ლარნაკას მიმართულებით შაბათს შესრულდება, შესაბამისად, მგზავრები შაბათამდე სამშობლოში ვერ დაბრუნდებიან. გარდა ამისა, მათ დამატებით ბილეთის საფასურის გადახდაც მოუწევთ.