რუსთავი-თბილისის ავტობუსები მგზავრებს დედაქალაქში 5 მარშრუტზე მოემსახურება.
2022 წლიდან მგზავრებს ავტობუსები უკვე ემსახურებიან ისნის მიმართულებით.
ივლისში "ინფო რუსთავთან" პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც ქალაქი 70 ახალ ავტობუს შეიძენს, მგზავრების გადაყვანა მოხდება სპორტის სასახლის მიმართულებითაც.
თბილისის საკრებულოს მიერ 16 აგვისტოს მიღებული ახალი დადგენილების მიხედვით კი ცნობილი გახდა, რომ ორ მარშრუტს კიდევ 3 ახალი დაემატება.
ცვლილება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ცვლილების მიხედვით, ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან სადგურის მოედნის, დიდუბისა და მაღლივი კორპუსის მიმართულებით.
სააგენტოს ცნობითვე, ავტობუსები დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ძირითად გაჩერებებზეც გაჩერდებიან.
"რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს მოემსახურებიან სადგურის მოედნის, დიდუბისა და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით, გაჩერდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ძირითად გაჩერებებზე.
კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გაჩერდება: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან და სადგურის მოედანზე;
დიდუბის რაიონისკენ მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ევროპის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩის პანდუსზე, იუსტიციის სახლთან, მარჯანიშვილის მოედანზე, "დინამო არენასთან" და მეტროსადგურ "დიდუბესთან".
ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან, უნივერსიტეტის პირველ და მეხუთე კორპუსებთან, ვაკის პარკთან და ე.წ. მაღლივი კორპუსთან;
ყველა ავტობუსი, რომელიც საავტობუსო ზოლში იმოძრავებს, გააჩერებს ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად გაჩერებებზე, დანარჩენ შემთხვევაში, გაჩერება იქნება ნებაყოფლობითი (არასავალდებულო)",- განგვიცხადეს სააგენტოში.