რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.
რუსთავში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა.
ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.
,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩს გავაცანით რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური რეფორმები, რომელიც დღეს ქალაქში მერიის გუნდის მიერ ხორციელდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა განაცხადა, მისთვის საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქის გაცნობა საინტერესო იყო.
,,ოფიციალური ვიზიტით რუსთავში პირველად ვარ. მიხარია, რომ მოვინახულე და გავიცანი საქართველოში სიდიდით მესამე და მნიშვნელოვანი ქალაქი. მქონდა შეხვედრა რუსთავის მერთან, გავიგე თუ როგორ შთამბეჭდავად განვითარდა რუსთავი ბოლო წლებში, როგორ მუშაობენ მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე და უკეთესი ქალაქის შექმნაზე" - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა.