რუსთავის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ა(ა)იპ-ი იქმნება. ამის შესახებ ქალაქის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. [ვიდეო/video]
როგორც სხდომის მომხსენებელმა, რუსთავის მერის მოადგილემ, ოთარ ტატალაშვილმა განმარტა, უკვე არსებული სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი გაიყოფა და
დაფუძნდება "ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების" და "რუსთავი სპორტის განვთარების"ა(ა)იპ -ები.
აღნიშნულ საკითხი დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, თუმცა, კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე.
ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მხრიდან წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
"წარმოდგენილი ცვლილება არ გაგვკვირვებია, რადგანაც ოქტომბერში არჩევნები ახლოვდება და ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ იყო ერთი მოქმედი ა(ა)იპ-ი და დღეს შემოტანილი ცვლილებით, მერიამ წარმოადგინა ინიციატივა, რომ აღნიშნულმა უნდა იფუნქციონიროს 3 ა(ა)იპ-ის სახით და თუ გვყავდა ერთი ხელმძღვანელი, ახლა უნდა იყოს 3 ხელმძღვანელი, დეპარტამენტებიც სამმაგი ოდენობით უნდა გაიზარდოს. მათ შორის, დაფინანსებაც, რაც იყო ერთი ა(ა)იპ-ისთვის, ბუნებრივად განაწილდება 3-ზე და რა თქმა უნდა, ამ მოცემულობით, გაზირდება ხარჯები.
მერის მოადგილემ ვერ ისაუბრა იმაზე, თუ პირობითად რა ხარვეზები აქვს ამ ა(ა)იპ-ს, რომელსაც ეფეტიანობის გაზრდა ესაჭიროება, რას ვერ ასრულებს, რასაც ეს სამი ერთობლიობაში შეასრულებს. ასევე, არ ჰქონდა წარმოდგენილი ბიუჯეტური გაანგარიშება, ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ დღეს ეს ცვლილება არ იყო წარმოდგენილი და ეს ზოგადად ბიუჯეტურ ცვლილებებს არ გამოწვევს, თუმცა უახლოეს მიმავალშ ჩვენ თავად ვნახავთ, რომ წარმოადგენენ ამ ა(ა)იპ-ების სტრუქტურას, შინაგანა წესს, საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვას, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და ბიუჯეტის ნაწილში კიდევ ორი მსხვილი სტრუქტურული ერთეულით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა შელეგიამ.
მერის მოადგილის, ოთარ ტატალაშვილის თქმით, ცვლილება მეტი ეფექტიანობისთვის, სამუშაოების მეტად მოქნილად განხორციელებისთვის გახდა საჭირო.
"ერთი ქუდის ქვეშ არის გაერთიანებული 3 დიდი მიმართულება. ეს მიმართულებები წლების განმავლობაში გაიზარდა. წელს დაემატა სპორტის სასახლე, ემატება კულტურის და მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეები. ჯამში, 20-მდე პროექტი დაემატა წელს. შესაბამისად, საქმიანობის სფეროები გაფართოვდა, უამრავი ფესტივალი ჩატარდა, მათ შორის, საერთაშორისო დონის. ამასთან ერთად, ქალაქში ჩატარდა 30-მდე სპორტული ღონისძიება. თითოეული სფერო საჭიროებს კიდევ უფრო მეტად განვითარებას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო ეფექტიანობისთვის შეიქმნას დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ები.
წარმოიდგინეთ, არსებულ გაერთიანებას უკვე დაემატა სპორტის სასახლე, რომელიც სხვა ქალაქებში დამოუკიდებელი აიპი-ა, დაემატა კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეები. ყველაფერი ეს მოიცავს ახალ თანამშრომლებს, ახალ სექციებს, ახალ კონცეფციას და იმისთვისაა საჭირო, რომ უფრო მეტად და უკეთ მოემსახურონ ჩვენს თანამოქალაქეებს", - აცხადებს ტატალაშვილი.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარი ლიპარტელიანის თქმით, მომხდარი ხარჯებისა და საშტატო ერთეულების ზრდას არ გამოიწვევს.
"არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ერთი ა(ა)იპ-ი ადაიშლება სამად. თუკი შემდეგ რაიმე სახის ცვლილებები იქნება აუცილებელი, ამაზეც ვალდებული იქნება მერია, რომ მომართოს საკრებულოს. დღევანდელი მოცემულობით, ამ ა(ა)იპ-ებში იგივე რაოდენობის თანამშრომლები რჩება. მერის მოადგილე, რომელიც არის ამ სფეროს კურატორი ამბობს, რომ ბიუჯეტი არის უცვლელი, საშტატო ერთეული არის უცვლელი, არც იმატებს, არც იკლებს, არავინ სახლში არ მიდის, ახალი არავინ არ ემატება, რა არის აქ გაუგებარი", - ამბობს ლიპარტელიანი.