რუსთავის მერიაში მოქმედებს სოციალური პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს.
1. ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა:
"ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ):
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები;
ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;
გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები.
პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას წლიურად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე.
2. რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების კომუნალური გადასახადის დაფარვა
"ქვეპროგრამის მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და განმცხადებლისთვის 2-წლიანი რეგისტრაცია.
ამ პროგრამის მიზნებისთვის, რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას, ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გათვალისწინებულია სავარაუდოდ 14 ოჯახის დახმარება.
გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - წერია ინფორმაციაში.