“ ჰაჯის დროს 1301 ადამიანი დაიღუპა”

2024-06-24 11:06:23

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1 301 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

SPA-ის ცნობით, დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.

საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.

საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, მექაში ტემპერატურამ 51.8 გრადუსამდე მიაღწია.