ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.
უწყება ამბობს, რომ მოქალაქეს, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში", - წერია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.