ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა.
უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს.
წიგნს თან ერთვოდა მისი კოლოფონი (ცნობები ავტორის, მთარგმნელის, წიგნის შესახებ), სადაც წერია: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“; „თქვენს წმინდა ლოცვებში მომიხსენეთ ცოდვილი იოანე“. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი ის კერძო კოლექციაში მოხვდა.