"უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ [ წევრი სახელმწიფოები]. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი MOVEMENT-თან ინტერვიუში.