რუსთავში მოტო რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

2024-06-02 17:47:19

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მოტო რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატი  საქართველოს ნაციონალური მოტო ფედერაციის წევრის "ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა.

"ტრანსპორტერის ლიგა" 5 ეტაპისგან შედგება და პირველ ეტაპზე, დრაგის დისციპლინაში 64 ადამიანი მონაწილეობდა.

"ჩვენი კლუბი ორი თვეა ჩამოყალიბდა და უკვე შევძელით ასეთი მასშტაბური შეჯიბრის ჩატარება. ჩემპიონატი შედგება 5 ეტაპისგან. პირველი ეტაპი დღეს გაიმართა. ქულები დაჯამებით ვლინდება ჩემპიონი. დღეს დრაგის დისციპლინაშია შეჯიბრი. 64 ადამიანი მონაწილეობს. გოგოების კლასიც დაემატა და საოცარი შოუ იყო. ძალიან ბევრი სპონსორი გამოგვიჩნდა. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ყველა კლასში გამარჯვებულს გადაეცემა გერმანული ბრენდის ელექტრო სკუტერი. დრაგის დისციპლინაში, გოგოების კლასის ჩათვლით, ექვსივე კლასს გადაეცემა პრიზები შემდეგ ჩატარდება სამი ეტაპი წრიულ რბოლაში და სეზონს დავხურავთ დრაგის დისციპლინით",- განგვიცხადა გივი ხვედელიძემ.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნუცა ყანჩაველის თქმით, ჩემპიონატის ჩატარების მიზანია, რომ საქართველოში მოტოკულტურა განვითარდეს.

"მეორე წელია რაც მანდილოსნების დრაგის დისციპლინაში ტარდება შეჯიბრება. წელს უბრალოდ კომპანია ტრანსპორტერის სახელით იმართება. კლასი გაიხსნა გოგოების შეჯიბრით და გამარჯვებულებიც გამოვლინდა. მიხარია და გთხოვთ ყველას, რომ მომდევნო შეჯიბრებებშიც მიიღოთ მონაწილეობა. ზუსტად ისაა ჩვენი მიზანი, რომ მოტოკულტურა განვავითაროთ. ამიტომ წამოვიწყეთ ეს შეჯიბრებებით და ვფიქრობთ, რომ გამოგვივა",- განგვიცხადა ნუცა ყანჩაველმა.

ჩემპიონატის ფარგლებში წრიული რბოლის პირველი ეტაპი 23 ივნისს გაიმართება.

23 ივნისი - წრიული რბოლა I ეტაპი

14 ივლისი - წრიული რბოლა II ეტაპი

29 სექტემბერი - წრიული რბოლა III ეტაპი

20 ოქტომბერი - დრაგი II ეტაპი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები