როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ყველა ადამიანს მოუწევს მასთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ ამ შეხვედრისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს წმინდა ინოს ხსენების დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წმინდა ნინო არის წმინდანთა შორის გამორჩეული წმინდანი და მოღვაწე, რადგან მას მიეცა დიდი მადლი და ძალა, მთელი ჩვენი ერი მოექცია თავისი ქადაგებით ქრისტიანობაზე.
„წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მის შესახებ ამბობს ასეთ სიტყვებს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, რომელმაც გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის და წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც“.
მისი ხსენების დღეს ყოველთვის იკითხება სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ, ვინაიდან წმინდა ნინო იყო ბრძენი ქალწულის ნამდვილი მაგალითი. ეს იგავი მოგვითხრობს, რომ ქალწულები ანთებული ლამპრებით ელოდნენ სიძის მოსვლას, მაგრამ ჭკვიანმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც მოიმარაგეს. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას, ხოლო სულელ ქალწულებს ზეთი მოაკლდათ. ამიტომ ჩამქრალი ლამპრებით შეხვდნენ სიძეს და ქორწილში ვერ შევიდნენ ამის გამო. სიძემ მათ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ მე თქვენ“ (მთ. 25:12).
ამ იგავში საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რომელიც ყოველ ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი, თავისი კეთილი საქმეების გამო, ღმერთისთვის ანგარიშის ჩაბარებას. ეს იგავი გვასწავლის, რომ რწმენასთან ერთად აუცილებელია, გვქონდეს კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. სულელ ქალწულებს ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ, ჭკვიან ქალწულებს კი ჰქონდათ იმიტომ, რომ მათ იზრუნეს სიძესთან სათანადო შეხვედრისთვის.
როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ყველა ადამიანს მოუწევს მასთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ ამ შეხვედრისთვის.
ეს იგავი გვაფრთხილებს, რომ ჩვენი უზრუნველობის გამო, შეიძლება, სავალალო შედეგი მივიღოთ, მოუმზადებელი აღმოვჩნდეთ ღმერთთან შეხვედრისთვის. ეს უზრუნველობა ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, რომელიც ზარმაცობს, რომელიც თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს და იმედოვნებს, რომ შემდგომ, მომავალში, მოასწრებს ცხოვრებასაც, მოასწრებს სინანულსაც, მოასწრებს გამოსწორებასაც, ისწავლის სიყვარულსაც, და ა.შ. ის ფიქრობს, რომ ნუთუ მოულოდნელად მოვა სამსჯავრო და ღამით მოვა უფალი? ამიტომ ჯერ დრო მაქვს, ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო, შემდგომ მოვასწრებ მომზადებას, როცა შემატყობინებენ სამსჯავროს მოახლოებას. ასე ფიქრობს ის, მაგრამ ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო ყოველთვის მოდის ღამით და მოულოდნელად. რატომ? იმიტომ, რომ როცა ადამიანს სძინავს, მისთვის ნებისმიერი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, არც დღე და არც ჟამი, როდესაც ძე კაცისა მოვა“ (მთ. 25:13).
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ, რომ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის ქორწილში და ღირსი გავხდეთ, ღმერთისგან მივიღოთ მარადიული სიკეთეები, რაშიც შეგვეწიოს წმინდა მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.
მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მისი ღვაწლი ნამდვილად შეიძლება იწოდოს წმინდა ნინოს მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებად, რისთვისაც ვმადლობთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, წმინდა ნინომ დაგლოცოთ და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ,-განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.