ჯარიმები, რომლებიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა

2024-06-02 12:06:47

ჯარიმების ჩამონათვალი, რომლებიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა:

1-ლი ივნისიდან საჯარო და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

1-ლი ივნისიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. თუ ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არ ეყოლებათ, გაფრთხილება მხოლოდ ერთხელ მიეცემათ, შემდეგ კი დაჯარიმდებიან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას არ ჰყავს ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა, შესაძლოა, დაწესდეს. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე და 1 000 ლარიდან 20 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მკაცრდება კონტროლი ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დაცვაზე

2024 წლის 1-ლი ივნისიდან ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები ამოქმედდება. ჯარიმები სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე განსხვავებულია და 2-5 ათასის ფარგლებში მერყეობს. კერძოდ:

ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე;
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ნაერთის გამოყენების, მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.
დღეიდან, ჯარიმები ამოქმედდა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე

საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა წესი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები. უფრო კონკრეტულად: დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

ასევე 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა), როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.

დღეიდან ახალი სახის ჯარიმები ამოქმედდა აზარტულ თამაშობებთან მიმართებაში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან, ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში გამოიწვევს ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება.

ამასთან, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვების შემთხვევაში, თამაშობის ორგანიზატორი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ქმედების/დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 20 ათას ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა გამოიწვევს 40 ათასი ლარით დაჯარიმებას.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი