სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის აშკარა ნიშნები. როგორც "ეროვნული უსაფრთხოების კანონი", ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს - რაც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.
"აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ხანგრძლივი და ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ - შეიძლება აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც.
დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას".
სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება "იმიგრაციისა და ეროვნული აქტის" 212 (a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის, იქნება ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, ისევე როგორც ასეთი პირების ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას", -აღნიშნულია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ინდივიდების სია, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდება.