საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.
მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.