სენაკში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს მკვლელობამდე რამდენიმე პირმა მიაკითხა და ადგილი ჰქონდა ე. წ. კრიმინალურ გარჩევას. სისხლიან გარჩევს, წინ ხმაური უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირება მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა, მეორე კი მეზობელი.
მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი პირები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული,სადაც შესაბამის მკურნალობას გადიან. მათივე თქმით, დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. მათი ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია განცხადებაში.