"მომსახურება თვიდან-თვემდე 20%-ით გაძვირდება"

2024-05-18 14:21:29

"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ", - ამ თემაზე რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.

კითხვაზე, გველოდება თუ არა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, ეკონომისტი პასუხობს, რომ პროცესების მსგავსი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში ფასების ზრდა გარდაუვალია.

"გარდაუვალია ფასების ზრდა, ვინაიდან, საქართველოში რასაც მოვიხმართ, ვიკვებებით, ვაცმევთ, ან ვიყენებთ, საქონლისა და მომსახურების 72%-ზე მეტი არის იმპორტირებული, ანუ ამას ვყიდულობთ დოლარში, ევროში და ძალიან მცირე შემთხვევაში იენში ან დავუშვათ თურქულ ლირაში. ძირითადი აქტორი, ანუ მეინსტრიმი არის დოლარი. როდესაც მოხდება სანქცირება და დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნება ქვეყანაში, ეს თავისთავად, ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ქირურგიული ჩარევის გარეშე, გამოიწვევს საშუალოდ თვიდან-თვემდე მინიმუმ 20%-იან ფასების ზრდას… ეს არის შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა აბესაძემ.

ეკონომისტი ბიზნესების მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესაძლო შეჩერებასაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესი საბანკო-საკრედიტო ხაზზეა დამოკიდებული და ეს ყველაფერი ბიზნესების აქტივობებზეც აისახება.

"ადგილობრივი ბიზნესი ძირითადად იყენებს საბანკო-საკრედიტო ხაზს და მისი მეშვეობით ახდენს საქონლის წარმოებას, დავუშვათ შემოტანას, გაყიდვას, აშენებას და ასე შემდეგ. თუ ბანკმა ვერ შეძლო დაკრედიტება ვალუტაში და ვერ შეძლო ფულის ბრუნვა, აი, ახლა დააფასებენ საქართველოში ადამიანები რეალურად, რა როლი ჰქონია თურმე საბანკო სისტემას საქართველოში", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.