თბილისის საქალაქო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.
ქათამაძის თქმითვე, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა მცირე ოდენობის ექსტაზი ამოიღეს, შესაბამისად, დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი დაემატა.
ბრალდებული გიორგი ოკმელაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.