შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი - ვუთხარით, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელ კოლეგებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები ჰქონდათ და ქართულმა მხარემ მათ აუხსნა, თუ რა არის აღნიშნული კანონის საფუძველი.
ასევე, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ კოლეგებს უთხრა, რომ პირველყოვლისა მათ ხელშია, ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან, ვინაიდან მათი მოქალაქეების ფული საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება.
„მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ეხება „გამჭვირვალობის“ კანონს. ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ, კანონის საფუძველი რა არის. მათ შორის ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადის გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. სხვათა შორის, ჩვენ ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლისგან გვაქვს ამაზე თანხმობა და ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის გამჭვირვალობის პრობლემა, ამიტომ ესეც მოვახსენეთ ჩვენს კოლეგებს. მათ შორის, ვუთხარით, რომ მათ ხელშია პირველყოვლისა, რომ ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან, ვინაიდან მათი მოქალაქეების ფული ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ.
დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით? ჩვენი მოწოდებაა და ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავარია ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.