ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმაც.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.
გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი