რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართა

2024-05-11 19:20:45

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, რუსთავში გაიმართა.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.

მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასევე ესაუბრნენ კომისიის წევრები - დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრას თელავში გამართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.