შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა.