2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი პირველ მაისს დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გასტანს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
რაც შეეხება რეგისტრაციის პროცედურას, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
საჭირო დოკუმენტაცია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.