სურსათის უვნებლობა მოქალაქეებს აფრთხილებს

2024-05-04 00:58:06

სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:

შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.

კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.

მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°Cმდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.